საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ფონზე კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ხარჯები 60%-ით შემცირდა. მისივე თქმით, შემცირებულია მივლინებებისა და შესყიდვების ნაწილიც.
„სახელფასო ბიუჯეტი 60%-ით არის შემცირებული .ასევე, მივლინებები მწვავე აუცილებლობის გარდა აღარ ფინანსდება. შესყიდვები სხვადასხვა მიმართულებით და გაუმჯობესებები – ამოღებულია ბიუჯეტიდან, რადგან სწორია, როდესაც ქვეყანას უჭირს, ჩვენ საჯარო მოხელეებმა, პირველებმა ვაჩვენოთ ამის მაგალითი,” – აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ კორექტირებულ ბიუჯეტზე იმსჯელეს, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს.
სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 ლარი იქნება.